ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებული პროფესიული განათლების II კონფერენცია ,,პროფესიული განათლება საქართველოში: შესაძლებლობები და გამოწვევები“ გახსნა. კონფერენცია ყოველწლიურია და მისი მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, გამოწვევების, სიახლეების, კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა.
„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარება, რადგან ეს ცოდნა ორიენტირებულია შრომის ბაზარზე. ბუნებრივია, რომ კონფერენციაზე შეკრებილი სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლები მსჯელობენ იმ პრობლემებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, იმ საკითხებზე, რომელიც აუცილებლადაა გადასაწყვეტი და ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რაც უნდა მისცენ სასწავლებლებმა სტუდენტებს, რომლებიც პროფესიული პროგრამების დაუფლებას აპირებენ,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ კვინიკაძე, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირინე მარგიშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა მარგიშვილი, თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე.
განათლების II კონფერენციაში ,,პროფესიული განათლება საქართველოში: შესაძლებლობები და გამოწვევები“ მონაწილეობენ პროფესიული პროგრამების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, მასწავლებლები, ადმინისტრაციული პერსონალი სხვადასხვა პროფესიული განათლების სასწავლებლებიდან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები როგორც თბილისის, ასევე, რეგიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლებიდან. კონფერენციის მონაწილეებმა 26 მოხსენება წაიკითხეს ამ სფეროს აქტუალურ საკითხებზე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თსუ პროფესიული სტუდენტის ელენე ნინო მაისურაძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
კონფერენციის მონაწილეთათვის ასევე იგეგმება ექსკურსია კახეთში. ექსკურსიის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრობა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - გრემის კომპლექსში და საქველმოქმედო ვიზიტი სოციალურ საწარმოში ,,თემი“ სოფელ გრემში.
თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. დღეისთვის ცენტრი 16 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს თბილისსა და ქუთაისში, რომელზეც 400-მდე სტუდენტი სწავლობს.